სვანიძის 16 ნომერში მცხოვრები ზუმბულიძეების ოჯახი ერთადერთია, რომლებსაც საკუთარი სახლი სტიქიის შემდეგ ერთი დღით არ დაუტოვებია.
ზუმბულიძეები სვანიძის ქუჩაზე 1960 წლიდან ცხოვრობენ. აქ ოჯახის ოთხი თაობა გაიზარდა. "13 სული ვართ, აქ ვცხოვრობდით და აქ ვართ. არ გვინდოდა აქაურობის მიტოვება, რაც გადარჩა იმას ვუფრთხილდებოდით" - გვეუბნება ოჯახის დიასახლისი ხათუნა ზუმბულიძე.
"ყველაზე მძაფრად 13 ივნისის ღამიდან ის მახსენდება, რომ სამი პატარა გვყავდა სახლში, უფროსი 3 წლის, ტყუპები - ორის და მთავარი იყო ისინი გადაგვერჩინა. წყალი სახლის მეორე სართულამდე ამოვიდა, ყველაფერი დატბორა და გასასვლელი არსად იყო, ამიტომ ტერასებით გადავედით სახლიდან. აღმართზე მივდიოდით ჩემი ოჯახი, სამი პატარით და ჩვენი მეზობლები, ვინც მოასწრეს ჩვენამდე მოსვლა. გზაზე არაფერი ჩანდა - წვიმა, სიბნელე, ტალახი, ერთმანეთს ვეძახდით, - ხომ ყველა მოდის, ვინმე ხომ არ წაიქცა და დახმარება ხომ არ სჭირდებაო" - იხსენებს დამანგრეველი სტიქიის ღამეს ხათუნა ზუმბულიძე.
ქუჩაზე, სადაც სტიქიამ 6 ადამიანი შეიწირა და 20 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, დანგრეული სახლების ადგილას, ახლა დიდი ცარიელი ადგილია. ახალდაგებული ასფალტი და ელექტროგადამცემი ბოძები როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მუშები ახლაც მუშაობენ დანგრევას გადარჩენილი სახლების გამაგრებაზე. ზუმბულიძეები რამდენიმე თვეში მარტო აღარ იქნებიან. სამ ოჯახს სახლებს ურემონტებენ და მალე ისინი საკუთარ ფუძეზე დაბრუნებას შეძლებენ.
"ამ სტიქიამ ბევრი რამე შეცვალა. დამანახა რომ უნდა იბრძოლო და არ გაჩერდე. ამ სტიქიამ დამანახა კარგიც და ცუდიც, რომ გგონია შენთვის ვიღაც კარგია, თურმე ტყუილად და პირიქით... ადამიანების სიკეთე დავინახე. ვინც გვეხმარებოდა, ან ვინც ვერ მოდიოდა და გვირეკავდა, ჩვენზე დარდობდა... უბედურების დროს მარტო ყოფნა ყველაზე ძნელია და ამ სტიქიის დღეებში ჩვენ არ ვიყავით მარტო. როცა, ვფიქრობდი, რომ მე და ჩემს ოჯახს აღარაფერი დაგვრჩა, თავიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება, მაგრამ არ ვიცით საიდან, ამ დროს დავინახეთ, რომ ხალხი გვეხმარება და საიდანღაც დავიწყეთ..."