ვირუსი, რომლითაც საქართველოში
400 000 ადამიანია დაავადებული
საქართველოში თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება.
ჩვენს ქვეყანაში ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით
400 ათასი ადამიანია, ასაკი 14-დან 35 წლამდე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ
საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1,033,000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ
ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი
აზარტულ თამაშებშია ჩართული!
ერთი მოთამაშე დღეში საშუალოდ 4-5 საათს ატარებს თამაშში.
მოთამაშის დედა:
„ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, რადგან აღარ შემიძლია ჩემი შვილის უბედურების ყურება. მეშინია,
ამდენი ვალის გამო გამოსავალი თვითმკვლელობაში არ იპოვოს. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ჩემმა
სიკვდილმა ათქმევინოს უარი ამ საშინელ სენზე. 18 წლის ბიჭი ამ აზარტული თამაშების
გამო ცოცხლად მიკვდება. კიდევ რამდენი სიცოცხლეა საჭირო სამსხვერპლოდ, რომ მთავრობამ
გულთან მიიტანოს ოჯახების, მშობლების, შვილების გასაჭირი და აკრძალოს ონლაინთამაშები.
ეს ჯოჯოხეთია!"
მოთამაშის მეუღლე:
„როცა დავქორწინდით, მოგზაურობაზე გიჟდებოდა. ქორწილისთვის გამოყოფილი ფული
5 კვირას გვეყო, მაგრამ ყველაფერი ვნახეთ. იმდენი რამ აინტერესებდა.... ეხლა მისი
ერთადერთი ჰობი თამაშია. მეგობრებიც კი დაივიწყა.
მხოლოდ ისინი დაიტოვა გვერდით, ვინც თამაშობს.
სექსისადმი ინტერესი ნული;
არ გელაპარაკება; კომპიუტერი აქვს აფარებული, როცა სახლშია და უმეტესწილად იმ
თავის მეგობრებთან არის. ადამიანს არაფერი აღარ აინტერსებს ფსონების გარდა.
ბოლო წვეთი იყო თავისი ძმის ნიშნობა, რომელიც საცოლეს აგარაკზე გადავიხადეთ.
ტელეფონი ცუდად იჭერდა და ინტერნეტი საერთოდ არ ქონდათ. ღამის 2 საათზე
მეგობარს მანქანა გამოართვა და თბილისში წამოვიდა, მე მგონი გაზი დამრჩა
ჩართულიო. ვეხვეწე და არ წამომიყვანა.
კაზინოში გაათენა: ხელფასი და კრედიტში აღებული თანხა წააგო...“
ყოფილი მოთამაშე:
„ადრეულ ასაკში დავიწყე თამაში. ვთამაშობდი მცირე თანხით და
შევატყე, რომ თანხას ვზრდიდი და ეს ყველაფერი უკვე ჩვევაში
გადამეზარდა. შემდეგ უკვე ინტერნეტით ვდებდი ფსონებს, რულეტკა,
პოკერი და სხვა აზარტული თამაშები. გადავედი რულეტკაზე. ეს
გაცილებით მარტივი იყო. ერთხელ მოვიგე, რამდენჯერმე წავაგე.
v გამიჩნდა მოთხოვნა, რომ სულ მეთამაშა. ხშირად, ვაგებდი.
თუმცა მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო,
რომ ყველა თანხას, რასაც მაძლევდნენ, იქ ვდებდი. ხშირად თამაშის
გამო ფულს ვსესხულობდი. რულეტკის ბორბალმა გარესამყაროს
მომწყვიტა... სამჯერ ვიკლავდი თავს...“
რა ფული ტრიალებს სათამაშო ბიზნესში
ეკონომიკური სუბიექტები, ვინც რეალური კაზინოების ლიცენზიას ფლობენ, თავისუფლდებიან ონლაინკაზინოების მოწყობის გადასახადისგან. დამატებითი მოსაკრებელის გადახდა არ არის საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ რეალური კაზინოს მოწყობის დროს სუბიექტმა უკვე გადაიხადა გარკვეული თანხა და ბიუჯეტში დამატებითი თანხა აღარ შეაქვს.
რეალურ კაზინოსთან შედარებით, ონლაინკაზინო გაცილებით მასშტაბურია, თუმცა ონლაინკაზინოს შემოსავლები არ იბეგრება.
4 037 000 000 ლარი
- ეს არის აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა საქართველოში 2016 წელს.
5 წლის წინ, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 366 000 000 ლარი იყო. ზრდის ტემპი ცალსახად გვანახებს, თუ რამდენად იზრდება ლუდომანიით ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით დაავადებული ადამიანების რაოდენობა და მათ მიერ წაგებული ფინანსური რესურსი საქართველოში.
სახელმწიფო პოზიცია
პრემიერ-მინიტრის 2015 წლის დეკემბერში მიცემული დაპირებიდან, რომელიც ონლაინკაზინოებზე მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა. ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფია, რომელიც ონლაინ აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია და აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე გაზრდა იქნება
რეკლამა ბრძოლის ნაცვლად
ინტერნეტსა თუ ტელემედიაში აქტიურად ხდება ონლაინთამაშების რეკლამირება. ონლაინკაზინოები სპონსორობას უწევენ ყველაზე პოპულარულ გასართობ გადაცემებს. მართალია, არსებული კანონმდებლობა, მედიას ონლაინკაზინოების რეკლამას არ უკრძალავს, თუმცა, რატომ უწევს ლუდომანიას პოპულარიზაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აფინანსებს? მაუწყებელზე სპორტული გადაცემების და სპორტული მატჩების ტრანსლაციის დროს ონლაინკაზინოების
რეკლამების რაოდენობა თვალშისაცემია.