რატომ (არ) უნდა აშენდეს ნამახვანჰესი?

საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს ამაზე საპირისპირო პასუხი აქვს, მათი პოზიციები კი სუბიექტური თუ ობიექტური არგუმენტებითაა გამყარებული. საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სოლიდურია მათი რაოდენობაც, ვინც არც ერთ შეხედულებას არ ემხრობა და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. იმაზე ვერავინ იდავებს, რომ მსგავსი პროექტები ეკოლოგიური თვალსაზრისით ადგილობრივ ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას აზიანებს და თუ მაინც დღის წესრიგში დგება მისი განხორციელება, კითხვა ასეთია: რამდენად შესაძლებელია ამ ზიანის მინიმუმამდე დაყვანა?! ამ თვალსაზრისით ეჭვებს ისიც აჩენს, რომ საქართველოში აქამდე განხორციელბულ უფრო მცირე პროექტების დროსაც კი, არაერთხელ მოხდა, რომ არასწორად ჩატარებული წინასწარი კვლევებისა და შესაბამისად, დამდგარი შედეგის გამო, პრობლემები შეიქმნა.

რადგანაც ნამახვანჰესის პროექტზე მსჯელობა არაერთ სფეროს მოიცავს, უნდა გამოვყოთ მთავარი მიმართულებები, რაზეც ამ ჰიდროელექტროსადგურის აშენებამ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინოს, და სწორედ ამ მიმართულებებით დავსვათ ყველაზე აქტუალური კითხვები.

ძირითადი საკითხები კი შემდეგია: უსაფრთხოება, ეკონომიკა, სამართლებრივი კუთხე, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სოციალური მიმართულება.

უსაფრთხოება

ჰესთან დაკავშირებით, უპირველესად, ყველაზე საინტერესო უსაფრთხოების გარანტიის არსებობაა. მსხვილი პროექტების წარუმატებლად აშენებამ თუ ფუნქციონირებამ შესაძლოა, ბუნებას, დასახლებულ პუნქტებს და მოსახლეობას საკმაოდ ფართო არეალში შეუქმნას საფრთხე. დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელმა და სეისმური მონიტორინგის ცენტრმა „ნამახვანჰესის“ კაშხლის ნგრევის მოდელირება გააკეთა, სადაც დიდი ცდომილებაა გათვალისწინებული.

• შეიცავს თუ არა საფრთხეს ნამახვანჰესის მშენებლობა?

ლაშა სუხიშვილი

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი

„კვლევები, რომელიც ამ მშენებლობას უდევს საფუძვლად, ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებსაც კი. სუსტ გრუნტზე იქნება თუ არა ჰესი, რა მეწყრული საშიშროებებია იქ, რა სეისმური პოტენციალია, რა კლიმატური პარამეტრებია დღეს და რა იქნება მომავალში - ყველაფერი პასუხგაუცემელია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კვლევითი დოკუმენტი დაიდო.

არსებობს კითხვა, მაგალითად, კლიმატის ცვლილების გამო, 10-15 წლიან პერსპექტივაში ამ ხეობაში იქნება იმდენი ჰიდრორესურსი, რომ ელექტროენერგია გამოვიმუშავოთ? - არ არის შეფასებული. მყინვარები, რითაც მდინარე რიონი იკვებება, უკან იხევენ, დნებიან. რამდენ ხანში ამოიწურება მყინვარების წყლის რესურსი? - შეფასებული არც ესაა. მიკროკლიმატისა და ტვიშის მიკროზონის საკითხები გამოკვლეული არ არის. კლიმატური და მეტეოროლოგიური მონაცემები არ აქვთ, რადგან ადგილზე დაკვირვების სადგურები არ ჰქონიათ. ამ ტერიტორიის მონაცემებიც უკვე 30-40 წლის წინანდელია“.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„კაშხალი აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეს დასტურდება ყველა კვლევით, რომელიც ჩატარებულია და რომლის გადამოწმება დღესაც მიმდინარეობს, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს. ამაში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და კომპანიები. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველა ინჟინრული გადაწყვეტილება და კვლევა, რომელიც ამ პროექტს უდევს საფუძვლად.

1963 წლიდან მსგავსი, გრავიტაციული ტიპის კაშხალი მსოფლიოში არსად დანგრეულა. გამოდის, ეს ინჟინრული გადაწყვეტილება ძალიან სეისმომედეგია. მეორე, ეს უზარმაზარი წყალსაცავი არ არის - რამდენი წყალიც აქ ეტევა, დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჟინვალზე და დაახლოებით 22-ჯერ ნაკლები, ვიდრე - ენგურზე. მთლიანად შეიძლება, კაშხალი წყლისგან 2 დღე-ღამის განმავლობაში დაიცალოს და არანაირ 34-მეტრიან ტალღაზე, რომელიც ქუთაისს გადაუვლის და გადმოუვლის, ლაპარაკი არ არის“.

თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი

 “ჰესები მოძველებული ტექნოლოგიაა და ყოველთვის საფრთხის შემცველია. განვითარებულ ქვეყნებში ამ ტიპის ჰესებს აღარც აშენებენ. ჩვენ კიდევ ისევ საბჭოთა კავშირში ჩავრჩით?

კაშხალი განიცდის ცვეთას და ეს პროცესი ბოლომდე ვერ კონტროლდება; რომ გაკონტროლდეს, მონიტორინგს საჭიროებს, მონიტორინგიც და შეკეთებაც უძვირესია. დიდი ალბათობაა, ბუნებრივი პროცესები ვერ გავაკონტროლოთ - იმ ბუნებრივი საფრთხეების მაქსიმალური შესაძლებლობა არ ვიცით, რაც შეიძლება, რეგიონში მოხდეს, იმავე, დატბორვის, მიწისძვრის თუ მეწყრული პროცესების განვითარების თვალსაზრისით.

კაშხლის მშენებლობის დროს მთავარი სეისმური დატვირთვებია. რიონის ხეობის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ საფრთხე არსებობს. ეს არაპროგნოზირებადი რეგიონია და ჩვენ მისი მაქსიმალური პოტენციალიც არ ვიცით. რა კვლევებიც 1930-იან და 1940-იან წლებში ტარდებოდა, დღეს ის რელევანტური აღარაა - ეს მონაცემები ამოიღეს და 1 საუკუნის მერე 105-მეტრიანი კაშხლის ასაშენებლად საფუძველი გახადეს, რაც უკვე დანაშაულია. ინფორმაციას აკლია სეისმური, გეოლოგიური, კლიმატური ცვლილებები და უამრავი რამ - ლაპარაკია ქანებზე, ინფილტრაციაზე, რაც იქ ძალიან დიდი პრობლემაა და ა.შ.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„ხშირად ისმის, რომ ევროპაში ჰესებს აღარ აშენებენ - ეს იმიტომ, რომ რესურსი აქვთ ათვისებული. მაგალითად, ავსტრიას 90%, შვეიცარიას 91%, საფრანგეთსაც დაახლოებით 90%-მდე, იტალიასაც და ა.შ. ათვისებული აქვს რესურსი. ესაა მიზეზი, რატომაც არ შენდება, თუმცა მაგალითად, ამერიკაში ყოველწლიურად არაერთი სადგური შედის ექსპლუატაციაში“.

• შეიძლება თუ არა, ნამახვანჰესის კაშხალი დაინგრეს და არის თუ არა საფრთხე, განადგურდეს ქალაქი ქუთაისი?

ლაშა სუხიშვილი

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი

„რა ხდება, თუ კაშხალი ნაწილობრივ ან მთლიანად დაინგრევა? არ ვამბობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება. მაგრამ მაინც, საქართველოშიც კი არსებობს ჟინვალის ან ენგურჰესის წყალსაცავის კაშხლის ნგრევის სცენარი და ასე თუ ისე, დათვლილია, რა ტერიტორიები დაიტბორება, ტალღა რამდენ ხანში მიაღწევს ამა თუ იმ დასახლებულ არეალს და სხვ.

უეცრად რომ მოხდეს მოულოდნელი კატასტროფა, სახელმწიფომ იცის, რა რეაგირების გეგმა ჰქონდეს. მსგავსი რატომ არ უნდა არსებობდეს ნამახვანჰესის შემთხვევაში? პასუხად მივიღეთ, რომ ნამახვანისნაირი კაშხალი არ ინგრევა. დასაბუთებაზე კითხვის დასმა განვაგრძეთ და კომპანია „ენკამ“ შვეიცარიულ კომპანიას დაათვლევინა, რა მოხდება, თუ კაშხალი დაინგრევა.

კაშხლის დანგრევის სცენარებს შორის ნახსენებია სამხედრო საბოტაჟი. აქ ხომ არ არის ლაპარაკი ბუნებრივ მოვლენებზე, რომ ამბობენ, არ ინგრევაო. საბოტაჟი ნახსენებია, მაგრამ რატომღაც, მისი სცენარი განხილული არაა..."

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„უამრავი ექსპერტის ჩართულობით 59 კვლევაა ჩატარებული. არაერთი პლატფორმა არსებობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი მოძიება და შემდგომ კითხვების დასმა, რომელსაც ავტორები თავად უპასუხებენ.

კაშხლის დანგრევის სცენარებს რაც შეეხება, მაგალითად, სამხედრო საბოტაჟმა შეიძლება, ნებისმიერი ჰესი დაანგრიოს. სამხედრო საბოტაჟი დაანგრევს კაშხალს თუ ნებისმიერი სხვა ხელოვნური ზემოქმედება (ბუნებრივს სრულად გამოვრიცხავთ), ჩვენ გვაქვს ეს გეგმა, ის არსებობს - თუ ვინმეს კორექტირებები აქვს, მზად ვართ, მოვუსმინოთ. სცენარები არსებობს, თუმცა შემდგომი მოქმედების გეგმა ერთი და იგივეა“.

ლაშა სუხიშვილი

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი

„ნახსენებია, რომ კაშხალი შეიძლება დააზიანოს სეისმურმა საფრთხემაც. კონკრეტული სეისმური პარამეტრის შედეგად კაშხლის სხეულის სიმულაცია გაკეთდა და აღმოჩნდა, რომ კაშხლის სხეული ამ სეისმურ დატვირთვას უძლებს, მხოლოდ პატარა ნაწილია, საიდანაც თუ წყალი გადმოვა, ქუთაისის გარკვეულ უბნებში, დატბორვის თავიდან ასაცილებლად, 2.5-მეტრიანი ჯებირების აღმართვა იქნება საჭირო.

ქუთაისის მთლიანად განადგურება ალბათ, გამორიცხულია, მაგრამ ლაპარაკია გარკვეული უბნების დატბორვაზე. ასეა თუ ისე, გამოყენებული სეისმური პარამეტრი სინამდვილეში ჯერ არც იციან, კვლევის შედეგის დადებას ივლისში აპირებენ - გამოდის, ნგრევის სცენარი კონკრეტულ სეისმურ პარამეტრზეა დათვლილი, რომელიც ჯერ არ არსებობს. რასაც გამოაქვეყნებენ, ისიც სადავო იქნება, რადგან ეს პარამეტრი 2 თვეში არ დგება, ამისთვის ადგილზე სეისმოლოგიური დაკვირვება წლობითაა საჭირო“.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„სეისმური კვლევები ჩატარებულია, მათ საფუძველზე შესაბამისი მოდელირებაც გაკეთებულია. არსებობს ზუსტი სეისმური პარამეტრი, რაც იქ შეიძლება იყოს - თავდაპირველად ეს 10 000 წელზე გათვლილი მოდელით გავაკეთეთ, ანუ, 10 000 წლის განმავლობაში რა მიწისძვრაც მომხდარა ამ რეგიონში და ქვეყანაში, ეს იყო გათვალისწინებული.

რაც შეეხება იმას, კვლევას რომ ადგილზე 5-7 წელი სჭირდება, როდესაც სპეციალისტები საუბრობენ, როგორ ფიქრობთ, იაპონელები არ აკვირდებიან საქართველოში არსებულ მიწისვრებს, ან სამხრეთ ამერიკელები? ეს ასე არაა, რომ მაინცდამაინც ადგილზე, რიონის ხეობაში უნდა იჯდე. რყევები და სეისმოლოგია მაინცდამაინც ერთი ადგილიდან არ იზომება, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში - არის მონაცემები შეკრებილი, ამას შვეიცარიელები, იტალიელები, ამერიკელები, და ა.შ. იკვლევენ. ბაზა არსებობს და დღეს გვაქვს საშუალება, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ვადევნებდეთ თვალყურს ისე, რომ იმ პროცესის ეპიცენტრში არ ვიყოთ”.

ლაშა სუხიშვილი

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი

„მეწყერსაშიშროებაზე ამბობენ, რომ ეს შეფასებულია. არსებობს ასეთი დოკუმენტი, ის მეწყრის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად შეიცავს, მაგრამ განხილულია, წყალსაცავის „სარკის“ აწევა ხომ არ შეეხება მეწყრულ სხეულს და ეს მეწყერს ხომ არ დაძრავს. თუმცა მეწყერს ასევე ძრავს მიწისძვრა, წვიმა, თოვლი, სამშენებლო ვიბრაციები, აქედან კი არც ერთია შეფასებული.

ასევე, განხილული აქვთ ხეობაში არსებული ცნობილი მეწყერები, მაგრამ ასევე არსებობს უბნები, სადაც დღეს მეწყერი არ არის, თუმცა, გეოლოგიური მოცემულობით, ისინი პოტენციურად მეწყერსაშიშია - ეს უბნებიც არ აქვთ განხილული. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი მეწყერი ჩავარდება წყალსაცავში, რამხელა ტალღა წარმოიქმნება? - ეს გათვალისწინებულია, თუმცა ყველა მეწყრიდან თუ რაღაც  რაოდენობა გააქტიურდება და წყალსაცავში ერთდროულად 2-3 მეწყერი ჩავა, რა სცენარი განვითარდება? - არც ეს ვიცით“.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„ეს არეალი ზოგადად, მეწყერსაშიშია და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ერთადერთი მეწყერსაშიში ზონა, რომელიც ეფექტურ ზონაში შეიძლება განიხილებოდეს, ე.წ. მეექვსე მეწყერი გახლავთ, რომლის მონიტორინგის ვალდებულებაც გვაქვს. არსებობს ინჟინრული გადაწყვეტილებები, რომელიც ამ რისკის შემცირებასა და გაქარწყლებას ემსახურება, ეს ყველაფერი პროექტში ჩადებულია“.

ლაშა სუხიშვილი

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი

„წინასწარი თუ შეზღუდული სამშენებლო ნებართვა კომპანია „ენკამ“ წლის თუ წლინახევრის წინ მიიღო. წერია, რომ საპროექტო მიწისძვრის აჩქარება თავისუფალი ვარდნის აჩქარების დაახლოებით 0.3 g-ა.

პროფესიონალმა სეისმოლოგებმა თქვეს, რომ ეს არაა ის პარამეტრი, რაც უნდა იყოს, რადგან რეგიონში იგივე ტექტონიკური რღვევა გადის, რაზეც კავკასიაში ყველაზე ძლიერი - რაჭის, 7.0-მაგნიტუდიანი მიწისძვრა მოხდა. 7.0-იანი მიწისძვრა, რომელიც უკვე მოხდა და არც გამოირიცხება, რომ მოხდება, საერთოდ არ არის გათვალისწინებული“.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„მაგალითად რომ მოვიყვანოთ სეისმურად არამედეგი გარემოს ფაქტი, ე.წ. რაჭის მიწისძვრა 1991 წელს მოხდა. მაშინ, როდესაც ყველა სამოქალაქო ნაგებობა მიწასთან გასწორდა, არც შაორს, რომელიც ხელოვნური ტბაა და კაშხალი აქვს  და არც ლაჯანურჰესს პრობლემა არ შექმნიათ, ერთი ბზარიც კი არ ყოფილა. ვამბობ, რომ ასეთ მიწისძვრას ნამახვანჰესი გაუძლებს - კვლევაში ასეთი ძლიერი მიწისძვრა გათვალისწინებული იყო. აბა გიჟები არიან ინვესტორები, რომ რიონს გაატანენ ასე 800 მილიონ დოლარს?!“

ეკონომიკა

ბევრი კითხვის ნიშანია პროექტის შესაძლო ეკონომიკური შედეგების შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტი საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, მისი ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა და ამასთან, კონტრაქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არაერთი აუდიტორული კომპანიის მიერაა დადასტურებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეკონომიკური კუთხით კრიტიკა რამდენიმე ასპექტს უკავშირდება - იქნება ეს გარანტირებული შესყიდვის ფასი, ფისკალური რისკები თუ სხვა.

• რით ხასიათდება საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ბოლო წლებში და როგორია შესყიდვის საშუალო ტარიფები?

ზურაბ ნოღაიდელი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

„პანდემიის გამო, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებისა და გენერაციის დინამიკის კუთხით, შარშანდელი და წლევანდელი წელი მთლად ტენდენციას ვერ ასახავს. მანამდე, ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკის ზრდის კვვალდაკვალ და პარალელურად იზრდებოდა.

გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა ვერ დაეწია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენციებს და შესაბამისად, ბოლო პერიოდში იმპორტმა იმატა. 2015 წელს იმპორტი იყო დაახლოებით 700 მლნ კვტ/სთ იყო, 2016-ში - 480 მლნ კვტ/სთ, 2017-ში თითქმის მილიარდ-ნახევარი, 2018-ში - მილიარდ-ნახევარი, 2019-ში - მილიარდ 625 მილიონი კვტ/სთ, ხოლო 2020 წელს - მილიარდ 600 მილიონი კვტ/სთ.

ელექტროენერგიის საქართველოს იმპორტის ბაზარზე ჩვენი - El Green-ის გამოჩენის შემდეგ, იმპორტი მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული გახდა, ბაზარზე შეიქმნა კონკურენცია და ფასები ნელ-ნელა შემცირდა: 2015 წელს იმპორტის ფასი საშუალოდ 7.5 ცენტი იყო, ეს ჯერ 5.5 ცენტამდე შემცირდა, მერე - 5.2 და 5 ცენტამდე, მიმდინარე წლის განმავლობაში კი, საშუალო ფასი დაახლოებით 4.7 ცენტამდე დაეცა“.

infograph

• რა ცვლილებას მოიტანს ნამახვანჰესის აშენების შემთხვევაში მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული ტარიფი?

ზურაბ ნოღაიდელი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

„ნამახვანჰესის 6.2 ცენტი იმპორტზე საშუალო დანახარჯს, რომელიც მაგალითად, 2021 წელს დაახლოებით 4.7 ცენტი იქნება, არ უნდა შევადაროთ, არამედ, ის უნდა შევადაროთ პიკის საათების ფასს, რომელიც მაგალითად, რუსეთიდან 7.8 ცენტია.

ამის მიზეზია, რომ ნამახვანჰესი მხოლოდ პიკის საათების განმავლობაში იქნება გამოყენებული - ზამთარზე ვსაუბრობ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თორემ ზაფხულში ბევრი წყალია. ზამთარში, როდესაც საქართველოში დეფიციტია, მთელი დღის განმავლობაში წყალი კაშხალში დაგროვდება და ელექტროენერგია ნამახვანზე მხოლოდ ამ ორი - ე.წ. დღის და საღამოს პიკის საათებში გამომუშავდება - ფაქტობრივად, ჰესმა 8 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს, მისი ეკონომიკური, ფინანსური და ტარიფული ეფექტიანობა ძალიან მაღალი იქნება“.

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

(გადაცემაში  "პოლიტ-ქალაქი")

"ერთი წამითაც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ სახელმწიფოს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები ვიყოთ და სწორედ „ნამახვანზე“ , „ნენსკრაზე“, „ხუდონზე“ გადის ჩვენი სახელმწიფო, ენერგეტიკული, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ნამდვილად არ ვიქნებოდი აქ, რადგან არც ისე სასიამოვნოა და მარტივი იმ ნიაღვარის ატანა, რაც ზოგჯერ, ჩვენთან მიმართებაშია...

ჩვენ არ ვართ სერვისების ეკონომიკა. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმი, მაგრამ ჩვენ ვართ წარმოების ეკონომიკა. თუ შეხედავთ ტოპ საქონელს, რომლის ექსპორტსაც ვაწარმოებთ, ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობის საქონელი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის გადამუშავება - თუ ნახავთ, რომელი დარგები ქმნიან პოზიტიურ დინამიკას და დინამიკა იქნება წარმოუდგენლად პოზიტიური“.

• რა ფისკალურ რისკებს შეიცავს ხელშეკრულება?

დავით ჭიპაშვილი

გარემოს დამცველი

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი

 „ხელშეკრულებაში პრობლემაა ე.წ. თავად გარანტირებული შესყიდვა - გარანტირებული ფასის მიცემა, 6.2 ცენტი და მეორე, რეზერვის საფასური. ენერგოთანამეგობრობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკული ბაზრების შექმნა ენერგოთანამეგობრობის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ფასი უნდა განისაზღვროს მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.

ენერგოთანამეგობრობის დასკვნაში მიჩნეულია, რომ ასეთი ტიპის გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებები, როგორიც საქართველოშია, ბაზრის დამახინჯებას გამოიწვევს და შესაბამისად, მსგავსი პრაქტიკა გამოყენებული არ უნდა იყოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც 2017 წელს დაწერა, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოში უნდა შეწყდეს. სავალუტო ფონდი რეკომენდაციებს წერს, მაგრამ საქართველოსთვის ეს სინამდვილეში ვალდებულება იყო. ამის გამოძახილი 2017-2018 წელს მემორანდუმის გაფორმება იყო სახელმწიფოსა და სავალუტო ფონდს შორის, სადაც საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ მსგავსი პრაქტიკა აღარ მოხდება და უბრალოდ, გარკვეულ პროექტებზე გამონაკლისის დაშვება მოითხოვა. მნიშვნელოვანია, რომ ნამახვანჰესზე ხელშეკრულებას ამის შემდეგ, 2019 წლის აპრილში მოეწერა ხელი.

ანუ, მთავრობა დაჰპირდა, რომ ხელს არ მოაწერდნენ ნამახვანზე ხელშეკრულებას, ვიდრე ნამახვანჰესიდან მომდინარე სავარაუდო ფისკალური საფრთხეები არ იქნებოდა შეფასებული. ამის მიუხედავად, სავალუტო ფონდსა და მთავრობას შორის ბოლო კომუნიკაციაში, რომელიც 2020 წლის დეკემბერში შედგა, საქართველოს მთავრობის მიერ ამ პირობის შესრულება არ ჩანს, მას ეს არ წარუდგენია და შესაბამისად, სავალუტო ფონდსაც, ჩამოყალიბებული აქვს, რომ ეს მიმართულება შეუსრულებელია.

ასევე, 2017 წელს ფინანსთა სამინისტრომ დაიქირავა მსოფლიო ბანკის ექსპერტები და მათ პირდაპირ თქვეს, რომ არსებული გარანტირებული შესყიდვის ფასიდან გამომდინარე წარმოიქმნებოდა ჭარბი ენერგია. მათ მხოლოდ ტარიფი შეაფასეს (როგორც ჩანს, მაშინ არ არსებობდა ე.წ. დამატებითი რეზერვის შემოსავალი კომპანიისთვის); და თქვეს, რომ ჭარბად, თუ არ ვცდები, 631 მილიონზე იყო ლაპარაკი“.

მაკა ფარცვანია

„ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი“

იურისტი

„გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ფასად გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტიაა. ეს პრაქტიკა საქართველოში ბოლო 15 წელიწადია, არსებობს. თუ საქართველოში ენერგეტიკის კუთხით საინვესტიციო გარემოს გადავხედავთ, აღნიშნული ნამდვილად ინვესტორების წახალისება იყო“.

თათული ჭუბაბრია

 „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორი

„ხელშეკრულება ფარულად გაფორმდა, ჩვენ მისი არსებობის შესახებ გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში არ ვიცოდით. საქართველოს ბიუჯეტს უამრავი ფისკალური ტვირთი აქვს ნატვირთი იმის გამო, რომ გადაზღვეული გვაქვს კომპანიის რისკები, რაც უკავშირდება გარემოებებს, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს სახელმწიფო კონტროლს მიღმაც კი იყოს.

თუ მაგალითად, კანონმდებლობის ან ბაზრის ცვლილებით კომპანიის ეკონომიკური პოზიცია გაუარესდა, ეს მას ფისკალურ ტვირთად არ უნდა დააწვეს და პირობები ისე უნდა გადაიხედოს, რომ მას, ასე ვთქვათ, თავისი ფინანსური პოზიცია შეუნარჩუნდეს.

ასევე, გარანტირებული შესყიდვის პერიოდში - 15 წლის განმავლობაში თუ სხვადასხვა - გარემოს დაცვითი თუ ადამიანის უფლებრივი სტანდარტით ან რეგულაციების შემოღებით ქვეყანაში გადასახადები გაიზრდება, ასეთ შემთხვევაშიც არა მხოლოდ „ენკა“, არამედ მისი კონტრაქტორები და პარტნიორებიც მთავრობისგან ზიანის კომპენსირებას მოითხოვენ. ყველა შემთხვევაში, საგადასახადო ტვირთის გაზრდისგან კომპანია დაზღვეული უნდა იყოს.

ფისკალური ტვირთია ასევე ის, რომ კომპანიას მაქსიმალური გამომუშავების ოდენობის მისაღწევად წყლის რესურსი თუ დააკლდა, ცხენისწყლის რესურსის უზრუნველყოფაც საქართველოს ბიუჯეტით უნდა მოხდეს.

ფორსმაჟორული ვითარებების დროს, მაგალითად, პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში, თუ ამ ჰესის ოპერირება შეჩერდა ან მშენებლობას საფრთხეები შეექმნა, ეს გარემოებებიც კომპენსირებადია. ეს შეთანხმება ასიმეტრიულია იმ ნაწილშიც, რომ სულერთია, ხელშეკრულების გაწყვეტის საფუძვლები კომპანიის მხარეს იქნება თუ სახელმწიფოს მხარეს, ორივე შემთხვევაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი, აანაზღაუროს დანაკლისი“.

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„ფორს-მაჟორის შემთხვევაში, თუა პოლიტიკური რისკი, აჯანყება და ის, რაც ახლა ხდება, კომპანიას აქვს უფლება, კომპენსაცია მოითხოვოს. მაგრამ ისე არ არის, რომ ეს ყველანაირ ფორს-მაჟორზე ვრცელდება და თურმე კომპანიას შეუძლია, გავიდეს, დაწყებული მშენებლობა შუა გზაში გაწყვიტოს და მთავრობისგან კომპენსაციის მისაღებად არბიტრაჟით იდავოს.

მაგალითად, როცა სამხედრო ფორს-მაჟორზე ვსაუბრობთ, თუ მთავრობამ ვერ დაალაგა სხვა ქვეყანასთან ისე ურთიერთობა, რომ სამხედრო ინტერვენცია არ მოხდეს, აბა კომპანიის ბრალია?!  კომპანია როცა გადის, მან უნდა დაასაბუთოს, ეს რატომ მოხდა და პასუხისმგებელი თავად იქნება, თუ მაგალითად, ეს დასაბუთების გარეშე მოხდება, ან იტყვის, რომ ფული გაუთავდა და აღარ აქვს, ვერ მოიზიდა საკმარისი ინვესტიცია, ტექნიკურად ვერ შეასრულა ეს სამუშაო და ა.შ.  გადასახადების ნაწილშიც კომპანია თავისუფლდება მხოლოდ გზის მშენებლობის ნაწილში, რომელიც უნდა ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, აქ 28-კილომეტრიან გზის მონაკვეთზეა საუბარი, ეს კი მთლიან პროექტზე განზოგადდა“.

• არის თუ არა აუცილებელი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის?

ზურაბ ნოღაიდელი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

„საქართველოს უახლოესი 10 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, რომ მთელი მოსახლეობის შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდეს.

ამას მსხვილი პროექტების გარეშე ვერ მივაღწევთ, ეს თავისთავად, ბუნებრივი ზრდით, მხოლოდ ტურიზმით და მცირე, საშუალო და რამდენიმე მსხვილი პროექტით ვერ მოხერხდება. ამისთვის აუცილებლად საჭიროა ნამახვანის და სხვა მისი მსგავსი მსხვილი პროექტები, არა მარტო ენერგეტიკაში, მაგრამ პირველ რიგში ენერგეტიკაში. რატომ? რადგან ენერგეტიკა ერთადერთი დარგია საქართველოში, რომელიც ორმხრივად პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ეკონომიკის ზრდასთან: ეკონომიკის ზრდა პირდაპირპროპორციულად იწვევს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას, ელექტროენერგიის ობიექტების მშენებლობა კი პირდაპირპროპორციულად იწვევს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველა პროექტი, მათ შორის ნამახვანი, გარემოს დაცვის, ტექნიკური და სოციალური ყველა პირობის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს“.

• რა სარგებელს ელოდება კომპანია ნამახვანჰესიდან და რას შეცვლის ეს საქართველოს ეკონომიკაში?

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„კომპანია რასაკვირველია, მოგებას ელოდება. 830 მილიონი დოლარი თვითონ პროექტია, ამას ემატება ქუთაისი-ალპანას 28-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელიც ჩემი ვარაუდით, კიდევ დაახლოებით 100-130 მილიონი დოლარი დაჯდება. საბოლოო ჯამში, ინვესტორი, კომპანია, კონსორციუმი ამ თანხის უკან ამოღებას დაახლოებით 15-20 წლის შემდეგ ელოდება.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ სარგებელს, ნამახვანჰესის აშენებით საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 700 მილიონი დოლარი ჩაისხმება. ეს ციფრი იქიდან მოდის, რომ დაახლოებით 950 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და უხეშად რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 200-250 მილიონი დოლარი დანადგარებში იქნება გადასახდელი. დანარჩენი თანხა საქართველოს ეკონომიკაში უნდა დაიხარჯოს - სხვადასხვა ბიზნესზე გადანაწილდეს. სხვადასხვა სპეციალისტის გაანგარიშებით, მაგალითად, ეს რომ უკვე შარშან და წელს მომხდარიყო, ჩვენი გაცვლითი კურსი იქნებოდა არა 3.4, არამედ 2.2“.

სამართლებრივი მხარე

„ნამოხვანის ჰესების კასკადის ხელშეკრულებით, ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“, - ეს ამონარიდია „მთის ამბების“ მიერ გასაჯაროვებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნიდან „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე. უწყებას გასაიდუმლოებული აქვს დასკვნა, რომელიც 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. კრიტიკულ საკითხებად გამოყოფილია: მთავრობის ვალდებულებები კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდაზე, მთავრობის ფინანსური ვალდებულებები პროექტის სხვა მონაწილეების მიმართ, მთავრობის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეწყვეტისას, რესურსების მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პირობა და ა.შ...

• რა კითხვებს ტოვებს მთავრობასა და „ენკას“ შორის ნამახვანჰესზე შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება და მისი წინმსწრები პროცესი?

დავით ჭიპაშვილი

გარემოს დამცველი

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი

„უამრავი კითხვა არსებობს - როგორ დაიდო ხელშეკრულება, რა პროცესი უძღოდა წინ, როგორი გაუმჭვირვალე იყო ეს პროცესი, რეალურად, რა ტიპის ტენდერი ჩატარდა, რა ფორმით მონაწილეობდა ეკონომიკის სამინისტრო, რომელ 26 კომპანიას გადაეგზავნა საპროექტო დოკუმენტაცია, რატომ და რის საფუძველზე მოიგო ეს ტენდერი Clean Energy Georgia-მ, რომელმაც ინტერესი გამოხატა, ვინ და როგორ შეამოწმა, თუ საერთოდ შეამოწმეს ამ კომპანიის საქმიანობა, თუნდაც საქართველოში?

ხელშეკრულების შინაარსი არა მხოლოდ კაბალურია საქართველოსთვის, ის ყველა პრინციპისა და მოთხოვნის დარღვევაა, რომლის ვალდებულებებიც საქართველოს აქვს აღებული, როგორც ენერგოთანამეგობრობის წინაშე, ასევე, არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებიც. იგივე წყლის რესურსების პრაქტიკულად უფასოდ - მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების გარეშე მიცემა, მიწის გადაცემა სიმბოლურ ფასად, გადამცემ ხაზში უფასოდ ენერგიის გატარება, და ა.შ. - ასეთი ღონისძიებები ევროკავშირში და ზოგადად, ენერგოთანამეგობრობაში განახლებადი ენერგიებისადმი სახელმწიფო დახმარებაში გადის.  ვის ანიჭებენ ამ სახელმწიფო დახმარებას და ვის - არა,  ამისთვის ცალკეა გაწერილი წესები და გზამკვლევები ევროკომისიის მიერ. ეს განახლებადი ენერგიებისადმი სახელმწიფო დახმარების საერთო ჩარჩოს ნაწილი უნდა იყოს, რომელსაც ჩვენს შემთხვევაში უნდა ქმნიდეს სემეკი, დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია და არა - ეკონომიკის სამინისტრო, როგორც აქ ხდება ხელშეკრულებით.

ხელშეკრულება წარმოქმნის ტარიფის თვალსაზრისითაც პრობლემას, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე.

გარდა ამისა, საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის თანახმად, პროექტის საჭიროება უნდა ყოფილიყო დასაბუთებული - როგორც ეკონომიკურად, ისე ენერგეტიკულად, სოციალურად, გარემოს დაცვითი და კულტურული თვალსაზრისით. უნდა მომხდარიყო აწონ-დაწონვაც, ამ პროექტისგან სარგებელს მეტს ველით თუ ზიანს, რადგან ამ საჭიროების დასაბუთების სხვანაირი ინსტრუმენტი არ არსებობს. იქ ასეთი, პროექტის დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი არ გაკეთებულა, ფორმალურადაც არ არსებობს. გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ)-საც პრაქტიკულად უყურებენ, როგორც ფორმალურ პროცესს, რომელიც მერე, გზაში დაეწევათ, ამიტომ აღარავის აინტერესებს, შიგნით რა ეწერება“.

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„საერთოდ, ასეთი ხელშეკრულების გასაჯაროების არანაირი ვალდებულება არ არსებობს, თუნდაც ახლა - უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის ხელშეკრულებები არ არის გასაჯაროებული. კერძო კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ნებისმიერი ტიპის გარიგება საბოლოო ჯამში, კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, კომპანია გასაჯაროებას დათანხმდა - კი ბატონო, თუ ასეთი ინტერესია, დასამალი რა გვაქვსო.

ნამახვანჰესის შემთხვევაში, სატენდერო პროცესი საკმაოდ გამჭვირვალე იყო - 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა 26-მა კომპანიამ მიიღო, შემდეგ არც ერთს არ გაუპროტესტებია და საჩივარი არ შემოუტანია, რომ ვთქვათ, ტენდერი არასწორად იყო ჩატარებული და კომპანიამ მიკერძოებით გაიმარჯვა. მერე, კონტრაქტზე ხელმოწერამდე მოლაპარაკება 3 წელი მიმდინარეობდა. ეს მთავრობა, არ აქვს საბაბს მნიშვნელობა, ძალიან ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები და რაღაც მომენტში კომპანია იმასაც აპირებდა, პროექტი დაეხურა და ქვეყნიდან წასულიყო, რადგან მოლაპარაკების პროცესში ჩიხში შევიდნენ. ბოლოს ამჟამად არსებულ პირობებზე შეთანხმდნენ“.

ზაალ გორგიძე

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე

„ხელშეკრულებით სახელმწიფო აბსოლუტურად ყველაფერზე მიდის, ოღონდ კომპანია სასათბურე პირობებში იყოს - სახელმწიფოს მხოლოდ ვალდებულებები აქვს, კომპანიას კი უფლებები. იბადება კითხვა, ხომ არ შეიცავს აღნიშნული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს?

2020 წლის 28 თებერვალს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება სამუშაოებზე ნებართვის გაცემის შესახებ უკანონოდაა გამოცემული. მას წინ არ უძღვოდა გარკვეული სამართლებრივი ასპექტები - უნდა ყოფილიყო ჩატარებული კვლევები და ა.შ. ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რიონის ხეობის მცველების სახელით გვაქვს გასაჩივრებული და წელიწადზე მეტია, სასამართლოს პირველი, მოსამზადებელი სხდომაც არ დაუნიშნავს. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ სხდომას გარკვეული დაკვეთით არ ნიშნავს, რადგანაც მიწოდებულია აბსოლუტურად ყველა არგუმენტაცია და ფაქტობრივი გარემოება, რაზეც სარჩელია დაფუძნებული.

საქალაქო სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახითაც შევიტანეთ, რომ სარჩელის განხილვამდე ის სამუშაოები შეჩერებულიყო, რაც რიონის ხეობაში მიმდინარეობს. მოსამართლემ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და პასუხს ველოდებით.

ასევე, კომპანია „ენკა“  წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მიერ 5 000 ლარით დაჯარიმდა იმ დარღვევებისთვის, რასაც ხეობაში გარემოს კუთხით სჩადის. მიუხედავად ამისა, ხეობაში იმავე ცვლილებებს ახორციელებს, რისთვისაც დაჯარიმდა და ფაქტობრივად, შედეგი მაინც 0-ის ტოლია“.

• კონტრაქტის პირობებიდან რომელი დებულებები იწვევს შეშფოთებას?

მიწა და წიაღისეული

თათული ჭუბაბრია

 „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორი

„600 ჰექტარი მიწა „ენკას“ მანამდე გადაეცა, ვიდრე ძირითადი ნებართვები იქნებოდა გაცემული - ანუ, გზშ-ზე დადებითი გადაწყვეტილებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემამდე. მიწები კომპანიას პრემიერ გახარიას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გადაეცა, ისევე, როგორც გზის გადატანის უფლება“.

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„ყველა პროექტზე არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ თუ შენს სახელზე არაა მიწები, ნებართვას ვერ მიიღებ - როგორ ხდება ეს ჰიდროენერგეტიკაში? გიფორმდება მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც აკეთებ საზღვრების დემარკაციას, რომ ამა და ამ მიზეზით ეს მიწები გჭირდება; მერე მათ გადმოგცემენ პირობით, შემდეგ კი სწორედ ამ გადმოცემული მიწებით იღებ ნებართვას. ეს თანმიმდევრობა უკვე ბევრი წელია, ასეა.

როცა კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა, მშენებლობის ნებართვაც და გზშ-ც უკვე ჰქონდა, თუმცა მერე პროექტი ცოტათი შეიცვალა, მაგალითად, კაშხალმა ადგილმდებარეობა შეიცვალა და დამატებით რა მიწებიც დასჭირდა, ის დამატებითი მიწები გადმოეცათ და მერე შესაბამისად, ნებართვა ახლიდან გადაეცა.

ხელშეკრულებაში არის პირობა, რომ „შენ მე გადმოგცემ მიწებს მხოლოდ იმ პირობით, რომ განახორციელო 800 მლნ დოლარის ინვესტიცია, ააშენო ჰესი, გამოიმუშავო ამდენი კვტ“ და ა.შ. სხვა მიზნით იქ ინვესტორი ქოხსაც ვერ ჩადგამს. რა მიწაზეა საუბარი? - ეს მდინარის კალაპოტია, აქაა საუბარი მიწაზე, რომელიც რეზერვუარის ქვეშ, კაშხლის ან ჰიდრონაგებობის ქვეშ მოყვება. ეს გადაეცა იმისთვის, რომ მან ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ალტერნატიულ გამოყენებას ეს მიწა ვერ პოვებს. სხვანაირად როგორ წარმოგვიდგენია, რომ ეს შეიძლება, სხვის მიწაზე განახორციელოს? ანუ 800 მილიონი ღირებულების კაშხალი დადგას და მიწა იყოს მთავრობის და მერე მან უთხრას, მოდი რა, მე ახლა ამას სხვა ინვესტორს გადავცემო?!“

თათული ჭუბაბრია

 „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორი

„ხელშეკრულება უსაზღვრავს კომპანიას უფლებას, რომ ფართო გეოგრაფიულ არეალში - რიონის ხეობაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, - ნებისმიერი ტერიტორია, მიწის ნაკვეთი, მას 1 ლარად გადაეცეს. თუ ეს სასოფლო-სამეურნეო მიწაა, ამ მიზნით მიწის სტატუსი უნდა შეიცვალოს, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის შემთხვევაში, თუ გამოსყიდვაზე უარს მიიღებენ, მოსახლეს ის ექსპროპრიაციის წესით ჩამოერთმევა.

აქ საჭიროების დასაბუთება ძალიან ფართო და ბუნდოვანია - იკვეთება, რომ ფაქტობრივად, მხოლოდ ადგილმდებარეობის მითითებაა საკმარისი. რამდენად ფართოდ დაასაბუთებს და განსაზღვრავს კომპანია ამ მიწის საჭიროებას, ეს მისივე პრეროგატივაა. თეორიულად, მთლიანი რაჭა-ლეჩხუმი რომ მოითხოვოს, ფაქტობრივად, გადაეცემა კიდეც...  გადაცემული 600 ჰა მიწიდან ნაწილი, ფაქტობრივად ნახევარი, პირდაპირი შესყიდვის გზითაა გადაცემული. უცნობია, რა პირობებში გამოვისყიდით ან თუ გამოვისყიდით ოდესმე, მაგალითად, ჰესის ოპერირების შეწყვეტის შემდეგ. ამასთანავე, კომპანიას ამ ნაწილით სარგებლობის ნებისმიერი უფლება აქვს. ამ 600 ჰა-დან დანარჩენი ნაწილი კი მას 99 წლის იჯარით, აღნაგობის უფლებით გადაეცა, ე.ი., ამ წილით ისარგებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ჰესის კონსტრუქციას განათავსებს. აქაც კითხვებია, მაგალითად, რა ხდება 99 წლის შემდეგ, რადგან ჰესის სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, საუკუნოვანი არ არის ხოლმე და შეიძლება, 50-60 წლის შემდეგ ჰესი ექსპლუატაციაში ისედაც არ იყოს... რაც შეეხება წიაღისეულს, კი საუბრობენ, რომ შეიძლება, მხოლოდ ქვა-ღორღის მოპოვებაზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ შეიძლება, საუბარი იყოს ხე-ტყის გაკაფვაზე და ამ რესურსის მოხმარებაზეც და ა.შ.“

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„600 ჰა მიწიდან პირდაპირი შესყიდვით გადაცემული მიწების შემთხვევაში, ადგილზე იყო მოსახლეობა, რომელსაც თავის თავზე მიწები არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ კომპანიამ მათ გადაუხადა კომპენსაციები (საბაზროზე 4-ჯერ მეტი ფასით). მაგრამ, ვინაიდან იურიდიულად ეს მიწები მათზე კი არა, სახელმწიფოზე იყო დარეგისტრირებული, სახელმწიფომ კომპანიას ეს ნაკვეთები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. ამიტომ მოხდა ეს პირდაპირი შესყიდვა.

მიწების პროექტისთვის საჭიროების დასაბუთების ვალდებულება კომპანიას აქვს. დასაბუთება მხოლოდ ისაა, რომ ეს მიწა სჭირდება მშენებლობისთვის. ყბადაღებული თემაა, თითქოს ნებისმიერი ბუნებრივი რესურსის გამოყენება შეუძლია, მაგრამ რეალურად, საუბარია მხოლოდ ქვა-ღორღზე, კონკრეტულად ბეტონის საწარმოებლად, ან ხეზე, რაც ასევე მშენებლობისთვის სჭირდება. ერთადერთი გამონაკლისია, რომ პროცესში არ სჭირდება ერთ-ერთი ბიუროკრატიული ნაბიჯი - მან რეალურად, ლიცენზია უნდა მიიღოს, თანხა გადაიხადოს, თუმცა, ეს ყველაფერი ტენდერის გარეშე მოხდება, და აქაც საუბარია იმაზე, ვიღაცამ სპეკულაციის მიზნით არ გაზარდოს ფასი“.

• წყალი

ზაალ გორგიძე

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე

„საქართველოში რამდენიმე მცირე ჰესის აშენების შედეგად ათეულობით სოფლის მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩენილა. ჩატარებულია კვლევები, რომ ცხენისწყლიდან წყლის გადმოყვანა გარკვეული სოფლების წყლის გარეშე დარჩენას არ გამოიწვევს?“

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

 

„1950-იან წლებში აშენდა ლაჯანურჰესი, რომელიც ცხენისწყლის წყალს იღებს. აქ საუბარია, რომ მთავრობის პირობა იყო, რომ მილიარდ ნახევარი კილოვატის გამომუშავებაა შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ცხენისწყალი როგორც ახლა მოდის რიონში, ისევე მოდიოდეს.

თუმცა, ის კერძო კომპანიის - „ენერგო-პროს“ მფლობელობაშია, რომელმაც გვირაბი ხელოვნურად რომ ჩაკეტოს, ცხენისწყალი რიონში აღარ იქნება გამოშვებული. სწორედ ამისგან დაზღვევაა ეს პირობა, რომ თუ ჩაკეტავს, ამ საკითხს მთავრობამ მიხედოს - „ენერგო-პროს“ მთავრობა ელაპარაკება, რომ ცხენისწყლის წყალმა, რომელიც 70 წელია, მოდის, ასე სვლა კვლავ განაგრძოს, მეტი არაფერი“.

• ენერგოდამოუკიდებლობა

თათული ჭუბაბრია

 „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორი

„ხშირად მიდის იმაზე აპელირება, რომ თუ ამის სურვილი არ იქნება, კომპანია 15 წლის შემდეგ ელექტროენერგიას ექსპორტზე არც გაიტანს. ისინი არ საუბრობენ ხელშეკრულებაში იმ ჩანაწერის შესახებ,რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამ კომპანიის მიერ ექსპორტზე გატანის უფლების შეზღუდვა შეიძლება, კომპენსირებადი გარემოება გახდეს, ანუ, ჩვენი ბრალეულობა დამტკიცდეს.

თუ მათ ეს შესაძლებლობა შეეზღუდებათ, შეეძლებათ, ამის შესახებ საარბიტრაჟო წესით იდავონ. მათ ხელშეკრულებით დაგვავალდებულეს იმაზეც, გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზები თურქეთის მიმართულებით - თუ ეს ვალდებულებ���ც ვერ შევასრულეთ, ამ შემთხვევაშიც ჩვენი ფინანსური ვალდებულების საკითხი დგება“.

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„15 წლის მერე მთავრობა გარანტირებული ტარიფით შესყიდვაზე ვალდებულებას მოიხსნის. საქართველოში მოქმედ არც ერთ ჰიდროელექტროსადგურს არ აქვს უფლება, ელექტროენერგია ქვეყნის სახელმწიფო დისპეჩერის ნებართვის გარეშე და სახელმწიფო ელექტროსისტემის ნებართვის გარეშე ექსპორტზე გაიტანოს.

გატანისთვის ხომ შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო? ერთი მხრივ, დისპეჩერი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ალაგებს, რომ მოხმარებასთან თანაფარდობაში იყოს გენერაცია, და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში საკუთარი გენერაცია ჭარბია (რაც მხოლოდ მაისსა და ივნისში ხდება), იძლევა ამის უფლებას - გამოცხადდება აუქციონი მათთვის, ვისაც ელექტროენერგიის გატანა სურს. ყველა ჰიდროელექტროსადგურს ასეთი ხელშეკრულება აქვს - 10 ან 15 წლის განმავლობაში გარანტირებული შესყიდვა და მერე თავისუფალ ბაზარზე ვაჭრობა ბაზარზე არსებული ტარიფით.

რაც შეეხება გადამცემი ხაზების გაძლიერებას, მთავრობა ამ კუთხით ისედაც ვალდებული იყო - ეს სახელმწიფო ელექტროსისტემის 10-წლიანი განვითარების გეგმაში უკვე ძალიან დიდი ხანია, დევს და სხვა ჰესებისთვისაც მნიშვნელოვანია. ხელშეკრულებაში ამაზე უბრალოდ, ხაზია გასმული და მიემართება ამ 10-წლიან გეგმას, რომ აი, იქ ისედაც გვიდევს და ჩვენ ამის აშენებას ვაპირებთ - რათა მსესხებელ ბანკებს ჰქონდეთ რწმუნება, რომ როცა ქვეყანაში ელექტროენერგია ჭარბი იქნება, გატანის საშუალება იარსებებს“.

ენერგეტიკა

საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს, ძირითადად, რუსეთისგან, თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან ახორციელებს. ქვეყანას საკუთარი ენერგორესურსის მხოლოდ 22% აქვს ათვისებული. რიგ განვითარებულ ქვეყნებში ეს რიცხვი 90%-ზე მაღალია, თუმცა საქართველოს ენერგოსისტემას აქვს პოტენციალი, რომლის მეტად გამოყენებაც შეიძლება. რამდენად იქნება ნამახვანჰესის არსებობა ერთი დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით - ეს უკვე, განსჯის საგანია.

Infograph

• რაში მდგომარეობს საქართველოს ენერგოსისტემის სიძლიერე და პერსპექტივა და როგორ გავლენას მოახდენს ნამახვანჰესის აშენება სხვა ჰიდროელექტროსადგურებზე?

ზურაბ ნოღაიდელი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

„მე, როგორც იმპორტიორი კი არა, როგორც ადამიანი, ვუყურებ ასე, რომ საქართველომ თავისი ელექტროენერგიის მოხმარება ძირითადად საკუთარივე გენერაციით უნდა დააბალანსოს.  ეს საქართველოს ინტერესია. ჩვენი ენერგოსისტემა ძალიან ეფექტიანია.

ეს იმიტომ, რომ გვაქვს, მაგალითად, ენგურჰესი და კიდევ რამდენიმე მარეგულირებელი სადგური. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტექნიკური დანაკარგები და ჩვენი ეკონომიკური დანახარჯები ენერგოსექტორში მინიმალურია, ვთქვათ, ამ შემთხვევაში, რუსეთთან შედარებით. ამას განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ მარეგულირებელი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, რომელსაც შეუძლია, საქართველოს ელექტროენერგია პიკის საათების განმავლობაში მიაწოდოს -  ელექტროენერგიის მოხმარებაში არსებობს ე.წ. დღის და საღამოს პიკები, სხვა დროს კი მოხმარება შემცირებულია. პიკის საათებისთვის შეგვიძლია, ელექტროენერგია მაგალითად, ენგურჰესზე მხოლოდ ამ პერიოდში გამოვიმუშავოთ, ისევე, როგორც ჟინვალჰესსა და ხრამის ჰიდროელექტროსადგურებზე.

ზაფხულში ე.წ. არამარეგულირებელი, ანუ მოდინებაზე მომუშავე მცირე ჰიდროელექტროსადგურები მუშაობს. დასავლეთ საქართველოში ე.წ. წყალდიდობის პერიოდი აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება და მაქსიმუმ ივნისის ბოლომდე გრძელდება. სამი თვის ან ხანდახან, ორთვე-ნახევრის განმავლობაში, თვითდენაზე არსებული სადგურები ძალიან ბევრ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, თუმცა ამ 3 თვის მიღმა - ისევ ძალიან ცოტას. მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურზე, მაგალითად, ენგურზე, ამ 3 თვის განმავლობაში კაშხალი ივსება და გამომუშავება შემდგომი თვეების განმავლობაში ნაწილდება, შესაბამისად, ელექტროენერგიას მთელი პერიოდის განმავლობაში მოვიხმართ. ასე იმუშავებს ნამახვანიც.

ამის გამო ვახერხებთ, საქართველოს ენერგოსისტემა ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და ეფექტიანი იყოს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეს დღეს ხდება, როცა ჩვენი მოხმარება დაახლოებით 2 000 მეგავატია. თუმცა, იმედია და გვინდა, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს - თუ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2 500-3 000 მეგავატამდე გაიზრდება, არსებული მარეგულირებელი სადგურები აღარ გვეყოფა. დამატებითი 1000 მეგავატი დაბალანსდება იმპორტით, რომელიც პიკის საათებში ძალიან ძვირი იქნება და თავიდან ბოლომდე ეს ფული გარეთ გავა? თუ ეს 1000 მეგავატი დამატებით მარეგულირებელ სადგურებზე არ შევქმენით, ჩვენი ენერგოსისტემის მოქნილობა და ეფექტიანობა ისეთი აღარ იქნება, როგორიც დღესაა. ამისთვის გვჭირდება არა მარტო მცირე ჰიდროელექტროსადგურები, სხვათა შორის რომელსაც ასევე აპროტესტებენ, არამედ რამდენიმე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური“.

Infograph

დავით ჭიპაშვილი

გარემოს დამცველი

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი

„ამ ტერიტორიაზე, ზემოთ, რიონის შენაკადზე ლაჯანურჰესია, ქვემოთ - გუმათი და რიონის კასკადი. მათი ტარიფი დღეს მიზერულია. ნამახვანჰესის მშენებლობა სწორედ გუმათსა და ლაჯანურს შორის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფომ კომპანიას უფლება მისცა, გამოიყენოს მდინარე ცხენისწყალიც.

მისი „გადმოგდება“ სწორედ ლაჯანურის სადერივაციო გვირაბის საშუალებით მოხდება. ე.ი., სახელმწიფომ ამ ხელშეკრულებით ლაჯანურის ნაწილის გამოყენების უფლებაც გასცა, აქედან გამომდინარე, ლაჯანურის გამომუშავებაც ნამახვანის გამომუშავებაზე ხდება დამოკიდებული, ისევე, როგორც გუმათის და რიონის გამომუშავება. მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი ყოფილიყო ყველა ამ ჰესის ჰიდროლოგიური რეჟიმები, რათა გაგვეგო, ნამახვანის ძვირი ენერგიის გამომუშავება გუმათის, ლაჯანურის და რიონის გამომუშავების კლებას ხომ არ გამოიწვევს, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში იაფი ენერგიის წყაროებია. ეს შეფასების საკითხია, რომელიც არავის გაუკეთებია“.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„დიდი ალბათობით, გუმათჰესი გამომუშავების თვალსაზრისით გარკვეულ ელექტროენერგიას დაკარგავს, თუმცა, ამას სრულად აინაზღაურებს ვარციხეჰესის კასკადი. როდესაც პიკურ საათებზე მოხდება გამომუშავება, წყლის 350 კუბური მეტრის გაშვება ქვედა ბიეფში მოხდება - ეს ის ოპტიმალური რაოდენობაა, რომლითაც ვარციხეჰესი 100%-იან გამომუშავებაზე მუშაობს. ე.ი., ვარციხეჰესი წყლის დაღვრისგან და დაკარგვისგან დაზღვეული იქნება“.

გარემოს დაცვა და
სოციალური მიმართულება

მკვიდრი მოსახლეობის ნაწილის განსახლება და დაკმაყოფილება, საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ჰესზე, ტურიზმის პოტენციალის უგულებელყოფა თუ ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დარღვევა,  ტვიშის მიკროზონის და ზუთხის პოპულაციის ბედი - ეს ის საკითხებია, რაც ნამახვანჰესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოციალური მიმართულების ნაწილში საზოგადოებაში ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს...

• როგორ აისახება ნამახვანჰესის აშენება მკვიდრ მოსახლეობაზე?

დავით ჭიპაშვილი

გარემოს დამცველი

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი

„ხელშეკრულებაში პროცენტებია დათვლილი, კომპანიას მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე რამდენი საქართველოს მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აქვს აღებული - ესაა 50, 70 და 80% სხვადასხვა ეტაპზე. აქ მნიშვნელობა იმას აქვს, ამ ჩანაწერის ქვეშ წვრილად რა მთავარი ჩანაწერი მოჰყვება - ამ რაოდენობის დასაქმების ვალდებულება მხოლოდ იმის მიხედვით აქვთ, მოქალაქეები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ თუ ვერა.

მაგალითად, თუ ქვეყანაში ძალიან მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსი, მუშახელი გვყავს, რატომ მხოლოდ 80% მაშინ და არა 100%? ეს პროცენტების სისულელე მარტო აქედან ჩანს.

ასევე, არავინ იცის, რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზეა ლაპარაკი და ვინ უნდა დააკმაყოფილოს ისინი, ან ვინ უნდა გადაწყვიტოს, აკმაყოფილებენ მოთხოვნებს თუ არა? კომპანიას შეუძლია, საერთოდ არავინ დაასაქმოს და ეს კონტრაქტის პირობების დარღვევა არ იქნება. არის სხვა საკითხიც - თუ ასე ძალიან ზრუნავდა საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებზე, რატომ არ ჩადო პუნქტი თუნდაც, გადამზადებასთან დაკავშირებით? არ იცოდა საქართველოს მთავრობამ, რომ საქართველოს შრომითი ბაზარი მაღალკვალიფიციური არ არის?

გასახლებასთან დაკავშირებით, ოჯახები შეიძლება დაკმაყოფილებული არცაა, არავის შეუსწავლია, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა ეს პროცესი, როდის დაიწყო მათი დაკმაყოფილება, რამდენად მისაღები პირობები იყო, ხომ არ ჰქონდა ადგილი ე.წ. მუქარებს?“..

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„არაა ეს მარტივი ობიექტი და ნებისმიერი დასაქმებული ადამიანი თავისი მიმართულებით პროფესიონალი უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ, ეს 1600 კაცი, რაც რეალურად, მინიმუმია, საქართველოში მოვიძიოთ; უკვე გვაქვს პროგრამები, რომლის მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში მათი გადამზადება მოხდება. ხელშეკრულებაში ეს არ წერია, იქ შეიძლება, ბევრი რამ არ ეწეროს.

თუმცა ისე არ არის, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქართველები და საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ამის ნათელი მაგალითი მე ვარ, ასევე, ჩემი გუნდის წევრები და ის პირები, ვინც უშუალოდ ხეობაში არიან დასაქმებულები. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მასზე დასაქმდება დაახლოებით 350 ადამიანი - ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისგან შემდგარი გუნდი, რომლის დაკომპლექტებაზეც დღეს ვფიქრობთ. გარდა ამისა, გვაქვს პროგრამები, რომლითაც აბიტურიენტებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლა-განათლება იმ ინჟინრულ სპეციალობებზე, რაც ჩვენ მომავალში ამ ჰესზე გვჭირდება, იმ პირობით, რომ შემდეგ ისინი ხეობაში იცხოვრებენ და ჰესზე იმუშავებენ.

რაც შეეხება ოჯახების დაკმაყოფილებას, ეს პროცესი 3 წლის წინ დაიწყო. არეალში 276 ოჯახია, საუბარია 40 ოჯახის განსახლებაზე, დანარჩენ შემთხვევაში კი - მიწების კომპენსაციაზე. ჩატარებული იქნა არაერთი შეხვედრა, რომელიც დაოქმებულია, ყველაფერი ხელმოწერებით დასტურდება. 267 ოჯახთან ხელშეკრულება გაფორმებულია და გადახდილია კომპენსაციები - დაახლოებით 35 მილიონი ლარის ოდენობით. დანარჩენ 8-სთან საბუთების მოწესრიგება მიმდინარეობს, ერთთან კი ჯერჯერობით, მოლაპარაკებები ვერ შედგა“.

• რა ტურისტული პოტენციალის დაკარგვის საშიშროება დგას ნამახვანჰესის აშენებით?

დავით ჭიპაშვილი

გარემოს დამცველი

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი

„ეს რეგიონი რეალურად, მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონია. ამ პატარა ტერიტორიაზე უნიკალური ღვინის რამდენიმე მიკროზონაა - ტვიშის, უსახელაურის, ხვანჭკარასი, - რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით, ტურისტული ბუმის პერიოდში საკმაოდ სერიოზული შემოსავლების მომტანია.

სხვათა შორის, ჩაკარგული საკითხია, მაგრამ სინამდვილეში, რეზერვუარიდან ხვანჭკარის მიკროზონა მხოლოდ 11 კილომეტრითაა დაშორებული, მეტით არა. რაც მთავარია, არის ეკოტურიზმის უდიდესი პოტენციალი, რადგან ხელუხლებელ ტყის მასივებზეა ლაპარაკი, ჩანჩქერებზე და ა.შ. ეს ყველაფერი - სოციალური ზემოქმედების შეფასება არ გაკეთებულა. მანამდე დაცლილ სოფლებში ბოლო პერიოდში უკან დაბრუნება შეიმჩნეოდა, შემოსავალი გაჩნდა. ეს არის საკითხები, რომლის დაკარგვაც თვალნათელია ნამახვანჰესის აშენების შემთხვევაში“.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„ადგილზე, პირველ რიგში ქუთაისი-ალპანას გზაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა - ის, რომ ადამიანი 28 კმ-ის გავლას ნახევარ საათში შეძლებს, იმის საწინდარი იქნება, რომ ხეობაში, რომელიც დღეს პრაქტიკულად დაცარიელებულია, ტურიზმი განვითარდეს.

ამასთან, გარკვეული პროექტებით, გრანტების სახით სხვადასხვა მცირე სასტუმროს დავაფინანსებთ, რათა ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

არაერთხელ გვისაუბრია ტვიშის მიკროზონაზე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გემოსა და ხარისხობრივ თვისებებს ტვიშის მიკროზონაში არსებული ცოლიკაური არ დაკარგავს. პროგრამები გვაქვს შემუშავებული იმისთვის, რომ ადგილზე მეღვინეობის განვითარება მოხდეს - ამჟამად, ხეობაში არც ერთი ღვინის ქარხანა არ არსებობს, რომელშიც ღვინო ტვიში დამზადდებოდა. კიდევ, უკვე გვაქვს შეთავაზება, ხეობის შიგნით ე.წ. ტურისტული მარშრუტები მოვაწყოთ და დავაფინანსოთ ადამიანები, ვინც მზად იქნებიან, იქ აქტიური ტურიზმი განავითარონ“.

• ემუქრება თუ არა საფრთხე ბიომრავალფეროვნებას?

დავით ჭიპაშვილი

გარემოს დამცველი

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი

„ნამახვანჰესის აშენების შემთხვევაში წყლის ქვეშ ასობით ჰექტარი ხელუხლებელი ტყის მასივები უნდა აღმოჩნდეს, რომელიც ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით არათუ ჩამოუვარდება საქართველოში რომელიმე სხვა ტყის მასივებს, არამედ, ბევრად აღემატება.

ასევე, ზუთხის პოპულაციას რაც შეეხება, ზუთხი ბინადრობს ქვემოთ, რიონში შავი ზღვიდან შემოდის. არაერთი სახეობის, მათ შორის, ატლანტურ ზუთხზეა ლაპარაკი. ეს მხოლოდ საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა კი არაა, არამედ, საერთაშორისო მნიშვნელობის სახეობაა. ნამახვანჰესმა რეჟიმულად უნდა იმუშაოს: წყალი შეინახოს, გამოუშვას, როცა საჭიროა. მის ქვემოთ არსებული სხვა ჰიდროელექტროსადგურების, მათ შორის გუმათის, რიონის და ა.შ. გამომუშავებაც დიდწილად ნამახვანის გამომუშავებაზე ხდება დამოკიდებული. დღეს როგორი რეჟიმიცაა ჩამოყალიბებული, როგორც ჩანს, ქვედა ბიეფში დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საერთაშორისო საკონსერვაციო ჯგუფის - Flora Fauna International-ის თქმით, რეჟიმის ცვლილება, ფაქტობრივად, დამღუპველი იქნება, მდინარე რიონის ქვედა ბიეფში ზუთხის სახეობა გაქრება. აქ ლაპარაკია რეჟიმის ცვლილებაზე, წყალში სიმღვრივის შეცვლაზე, ჟანგბადზე და ა.შ“.

მერაბ ლომინაძე

ENKA-ს დირექტორი

„ამბობენ, რომ ნამახვანჰესის აშენების შემთხვევაში კოლხური ზუთხი ნამახვანში ვერ ავა - ამას ვადასტურებ, რადგან ზუთხი სოფელ ნამახვანში 1973 წლის მერე არ ასულა, მას შემდეგ, რაც გუმათის კაშხალი გაკეთდა, 1975 წელს კი ექსპლუატაციაში შევიდა ვარციხის კაშხალი.

ე.წ. თევზმავალი არც ერთს არ აქვს, შესაბამისად, 1973 წლიდან ვერც ერთი თევზის სახეობა, რომელიც კაშხლის ქვემოთ მოყვა, ზემოთ ვერ ადის. რაც შეეხება რეჟიმულად მუშაობას, ნებისმიერი კაშხალი მდინარის სტაბილურ მოდინებას უზრუნველყოფს. ქვედა ბიეფში არაფერი მოხდება და ზუთხის პოპულაცია იგივე დარჩება“.

რიონის ხეობის მცველები

200 დღეზე მეტია, „ნამახვანჰესის“ აშენების მოწინააღმდეგეები უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ამ დროისთვის ხელისუფლებასა და ჰესის მშენებელი კომპანიისთვის ოთხი მოთხოვნა აქვთ წაყენებული:

• გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს საქართველოს ხელისუფლებასა და „ენკა რინიუბილზს“ შორის დადებული ხელშეკრულება და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

• გაუქმდეს 2019 წლის 21 ნოემბერს გამოცემული საქართველოს ხელისუფლების N2405 განკარგულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ კომპანიას ჰესის ასაშენებლად მიწის გარკვეული ფართობი საკუთრებაში გადასცა;

• გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

• თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრმა "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის შეხვედრები დაიწყო. მედიაციით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. 17 ივნისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო.

პროტესტი გუმათში გაგრძელდება, ვიდრე მხარეები ახალ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის, განცხადებით, მათი მოძრაობა არ არის „ჰესების საწინააღმდეგო“, თუმცა  როგორც იგი განმარტავს, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააანალიზოს, ღირს თუ არა ქვეყანაში ჰესის აშენება იმ ზიანად, რა ზიანიც შეიძლება აღნიშნულმა ნაგებობამ მიაყენოს მის გარშემო მცხოვრებლებს. მისი თქმით, „ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ მოცემულ არეალში მისი აშენება არ შეიძლება“.

#გადავარჩინოთრიონი / #SaveRioniRiver - რიონის დასაცავად რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა, ვინც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, გაერთიანდა და ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ ერთობლივი პეტიცია შექმნეს. ასევე, სექტემბერში ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გააპროტესტა.
სექტ 2020
ოქტომბრის მიწურულს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის შემდეგ მონაწილეებმა იმ ადგილას, სადაც ერთ-ერთი კაშხალი უნდა აშენდეს, რკინის დიდი ჯვარი დადგეს. ჯვრის ატანის დროს ათობით პოლიციელი აქციის მონაწილეებს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა. აქციის გამართვისა და კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვრის აღმართვის შემდეგ, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სამშენებლო ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა.
ოქტ 2020
ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვე დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობდა სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით. ერთ-ერთი საპროტესტო ასეთი აქციის დროს აქციის მონაწილეებს ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.
ნოემ 2020
ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მორატორიუმის გამოცხადებას, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას და კასკადების მშენებლობის შესახებ საჯარო განხილვების დანიშვნას. აღნიშნულ საკითხზე აქციის მოანწილეებმა კანცელარიაში მთავრობის მისამართით წერილიც შეიტანეს.
დეკ 2020
ჰესის კასკადის ტერიტორიაზე 30 იანვარს, დილიდან განახლდა სამშენებლო სამუშაოები, რასაც ხმაური და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული პოლიციაც. საღამოს, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების კუთვნილი კარავი.
იანვ 2021
28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კომპანიას 2-კვირიანი ვადა მისცეს რიონის ხეობის დატოვებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მასშტაბური აქცია და ქალაქის პიკეტირება დააანონსეს. აქტივისტებს პოლიციამ "გუმათჰესთან" გზა გადაუკეტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა
თებ 2021
12 მარტს აქციის მონაწილეებთან შეხვდრაზე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ. შეხვედრა მინისტრებმა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან დიალოგის შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე არ დაიწყება. მარტის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კვლევების ვალიდაციამდე აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე ვადით შეჩერდებოდა. მარტში ჩატარდა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მეორე საპროტესტო აქციაც. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, კომპანია "ენკას" ხელშეკრულება გაუქმებოდა, თავად კომპანია კი რიონის ხეობიდან გასულიყო, ამ მოთხოვნებს კი ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.
მარ 2021
11 აპრილს სოფელ ნამოხვანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და ამის მიზეზად მდინარის შესაძლო ადიდება დაასახელა. აქტივისტები შესაძლო დატბორვის შესახებ შსს-ს ვერსიას არ დაეთანხმნენ და პოლიცია მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში დაადანაშაულეს. მათ სოფელ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ ერთი კვირით ადრე ბლოკპოსტი მოაწყო და მას შემდეგ ხეობაში შესვლა შეზღუდულია. აპრილში საქართველოს საპატრიარქომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც რიონის ხეობაში დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. 16 აპრილს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ქუთაისში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან „დათმობითი სულისკვეთება“ გაჩნდა.
აპრ 2021
“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტები საპროტესტო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართეს. „თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“, – განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია. აქციის მონაწილეები სოფელ გუმათს თბილისიდან 26 მაისს დაუბრუნდნენ და პირობა დადეს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაშლიდნენ, რადგანაც დედაქალაქში მათმა ოთხდღიანმა მასშტაბურმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და ხელისუფლებასთან კომპრომისი ვერ შედგა. 26 მაისის ღამეს, სოფელ გუმათში აქციაზე მცირე დაპირისპირებისასს რვა პირი დააკავეს, რომლებიც შემდეგ გათავისუფლდნენ. მათ პოლიციის მიერ აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე გადასვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
მაი 2021
1-ლ ივნისს სუფელ საყულიაში სამართალდამცველებმა „გამაფრთხილებლად“ გაისროლეს. შსს-ის ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე 29 მაისს გუმათის მახლობლად პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის გამო დააკავეს. ეკონომიკის სამინისტრომ 2 ივნისს განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგოსექტორში „ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია“ და აღნიშნა, რომ 2007-2019 წლებში პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევევები ოთხმა სხვადასხვა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატარა, რომლითაც „დადასტურდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა“. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. 17 ივნისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი განახორციელა. პროტესტი გუმათში გაგრძელდება, ვიდრე მხარეები ახალ შეთანხმებას არ მიაღწევენ.
ივნ 2021

ENKA

1957 წელს თურქეთში დაარსებული, სამოქალაქო ინჟინერიის კომპანია ENKA საქართველოში “ნამახვანჰესის“ სახით მეორე პროექტს ახორციელებს. 2014-2019 წლებში ამერიკულ პარტნიორ კომპანიასთან, Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო და სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში იღებდა მონაწილეობას.

ENKA-ს სათაო ოფისი მდებარეობს სტამბოლში. კომპანია 1957 წელს დაფუძნდა. ENKA დაახლოებით 30 ქვეყანაში სამშენებლო და საინჟინრო მომსახურებას ახორციელებს შვილობილი კომპანიების მეშვეობით. გარდა დიზაინისა და მშენებლობისა, მის საქმიანობაში შედის: ენერგია, უძრავი ქონება, ვაჭრობა და წარმოება.

ENKA-ს პროექტებში დაახლოებით 200,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიამ 30-ზე მეტ ქვეყანაში 500-მდე პროექტი დაასრულა, მათ შორის: ალბანეთში, ალჟირში, კამერუნში, ყაზახეთში, ლიბიაში, ნიდერლანდებში, ნეპალში, ომანში, რუმინეთში, რუსეთში, საუდის არაბეთში, სიერა ლეონეს, ტაჯიკეთსა და უკრაინაში. კომპანია მსოფლიოს 64 ქვეყანაში ოპერირებს.

ENKA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში და სხვა ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.

კომპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორია სხვადასხვა ქვეყანაში ახალი საელჩოების მშენებლობაში. ENKA იყო ჩართული აშშ-ის 26 საელჩოს მშენებლობაში, მათ შორის: თურქეთში, მექსიკაში, ჰოლანდიაში, კენიაში, საბერძნეთსა და ბაჰამის კუნძულებზე.

2017 წელს, Forbes-ის Global 2000-ში მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლებს შორის ENKA -მ 270-ე ადგილი დაიკავა.

ENKA სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ნამახვანჰესის პროექტს, თურქული კომპანია 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. შპს „ენკა რინიუებლზ” საპროექტო კომპანიაა, რომელშიც 90% ძირითად ინვესტორ კომპანია „ENKA“-ს ეკუთვნის, 10% კი - „Clean Energy Group“-ს.

ჰესს აშენებს კომპანია „ENMAR“-ის ფილიალი საქართველოში, რომელიც ასევე „ENKA“-ს ეკუთვნის.

თავდაპირველად, ნორვეგიულ კომპანია „Clean Energy Group“-ს და თურქულ კომპანია „ENKA”-ს ჰქონდათ 50-50% წილი საპროექტო კომპანიაში, რომელმაც მოიგო სახელმწიფო ტენდერი ნამახვანი ჰესის მშენებლობაზე. შემდეგ წილების გადანაწილება შეიცვალა, კომპანიას კი გადაერქვა სახელი და ეწოდა „ენკა რინიეუბლზ“.

ჰესების კასკადი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნება. 433-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 მგვტ/სთ-ს მიაღწევს.

ნამახვანის ჰესის კასკადის პროექტი მოიცავს ორ ცალკეულ ჰესს მდინარე რიონზე: ქვედა ნამახვანის ჰესი (333 მგვტ) და ზედა ნამახვანის ჰესი (100 მგვტ). გარდა ამისა, მოხდება დაახლოებით 30 კმ გზის გადატანა, რომელიც წყალსაცავით დაიტბორება.“ - ვკითხულობთ ENKA-ს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული პროექტის შესახებ.

ჰესის მშენებლობაზე ლაპარაკი 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური აცხადებდა, ინვესტირებით თურქული და კორეული კომპანიები დაინტერესდნენ. მთავრობა ვარაუდობდა, რომ პროექტის რეალიზაციას 2011 წელს შეძლებდა, თუმცა, მაშინ პროექტი შეჩერდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 2015 წლის 24 დეკემბერს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოაცხადა. 2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობას და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას” შორის ხელი მოეწერა ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებას და, ამასთან ერთად, სს „ნამახვანის” აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.

ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებს, ჟონეთსა და ტვიშს შორის, მდინარე რიონზე იგეგმება. ნამახვანი ჰესების კასკადი ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ზედა კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება და დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

Share