კომენტარები 0
image
Play
დაკარგული ჯარისკაცების ძებნის ქრონიკა

16 აგვისტო - თავდაცვის სამინისტრო გონიოში, ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ნანეტაშვილმა და შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთნენ: სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამისი დანაყოფები.

17 აგვისტო - სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც ჩაერთო. გონიოში საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი ჩავიდნენ.

18 აგვისტო - გონიოში დაკარგული სამხედროების ოჯახების წევრები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ახლობლები თავდაცვის სამინისტროსგან ცხედრების დროულად პოვნას მოითხოვენ.

19 აგვისტო - ოთხდღიანმა ძებნამ უშედეგოდ ჩაიარა. იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის მშობლები თურქული ხომალდის მოლოდინში არიან, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი. თურქულ ხომალდს გონიოში 21:00 საათის შემდეგ ელოდებიან.


20 აგვისტო - გონიოს სანაპიროზე თურქეთის სასაზღვრო ძალების სამძებრო ხომალდი 07:00 საათზე შევიდა. 650 ტონიანი Minehunter სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი და რადარით არის აღჭურვილი. მისი ეკიპაჟი 41 კაცისგან შედგება. ხომალდმა ძებნის ოპერაცია დაიწყო.


21 აგვისტო - თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლები - ვლადიმერ შარაძე და გელა ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების "Minehunter"-ის ტიპის ხომალდის ბორტზე აიყვანა. ხომალდის ეკიპაჟმა ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა. თურქული მხარის განცხადებით, სამძებრო სამუშაოს ყველაზე მცირე 3 დღე დასჭირდება.

25 აგვისტო - 9 დღე ჯარისკაცების დაკარგვიდან... იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი ჯერ კიდევ არ უპოვიათ...

ყურის ანთება - საბედისწერო დეტალი?

"მეორე ფაზას შევუდექი, ყვინთვის შესწავლას. საუბედუროდ, რაღაც ინფექცია შემეყარა. მას მერე, რაც მეორე ფაზა დაიწყო, "საყვინთავ კოშკში" ვასრულებდი ვარჯიშს, ესაა სპეციალური ტრენაჟორი, რომელიც ყვინთვის სიმულაციას ახდენს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვარჯიში შემდეგნაირი იყო: უნდა ამომეცურა "საყვინთავი ზარით", ამ დროს უნდა გამეთანაბრებინა წნევა შიდა და გარე ყურში. ამის რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მეთოდია, მოკუმო პირი, მოიჭირო ცხვირზე ხელი და შემდეგ, ნელ-ნელა ცხვირით ამოისუნთქო. თუ ამას არ გააკეთებ, ან ვერ გააკეთებ სწორად, პრობლემები გექნება...

...ამის შესახებ უკვე ვიცოდი, მაგრამ რადგან ინფექცია მქონდა, ეტყობა, დამავიწყდა. რადგან ახალბედა ვიყავი და არ მქონდა გამოცდილება, გადავწყვიტე, ნერწყვი გადამეყლაპა და ჩამეყვინთა. ეს სერიოზული შეცდომა იყო, შედეგად დაფის აპკი გამისკდა. როდესაც ამოვყვინთე, ყურებიდან, ცხვირიდან და თვალებიდან სისხლი მომდიოდა"...

2012 წლის ამერიკული ბესტსელერიდან - "ამერიკელი სნაიპერი" (ამერიკული სამხედრო ფლოტის სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრის კრის კაილის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელიც მან მას შემდეგ გამოსცა, რაც სამხედრო კარიერას ოფიციალურად დაანება თავი) ეს მონაკვეთი შემთხვევით არ გაგვხსენებია. დაკარგული სამხედრო მოსამსახურის იაგო შარაძის მეგობარმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში სწორედ მეგობრის ჯანმრთელობის პრობლემა გაიხსენა:

"...ბიჭებისგან ვიცი, რომ იაგოს ყურების ანთება ჰქონდა... ყველა კურსის წინ ხდება სამედიცინო შემოწმება, მთლიანი ნაწილი მიჰყავთ ჰოსპიტალში, სადაც სამედიცინო კომისიას გადიან, თუმცა, სწავლების დროს თავად სამხედრომ თუ არ მიმართა ექიმს, სამედიცინო პერსონალმა რა იცის მას რამე კონკრეტული პრობლემა აქვს თუ არა... ამასთანავე, როდესაც სამხედრო სწავლების კურსს გადის, ბუნებრივია უნდა წარმატებით დაასრულოს. ამის ახსნა ძნელია ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ბიჭები ასეთი სახის კურსს ნებისმიერი რისკის ფასად გადიან..."

ოტორინოლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი) ქრისტინა ჩალაძე, იმ რისკებზე საუბრობს, რაც ყურის ანთების დროს შესაძლოა, წყალქვეშ ყვინთვამ გამოიწვიოს:

You must have Flash Player installed in order to see this player.
Play
როგორ მზადდება და სრულდება წყალქვეშ ოპერაცია

"წყალქვეშ გადარჩენის ოპერაციის ძირითად საფუძველს მყვინთავის წყალში ჩასვლის და ამოსვლის პროცესი წარმოადგენს. მყვინთავმა ჩასვლის წინ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, უნდა მოირგოს კომბინეზონი, ბალონები, ნიღაბი... საძიებო ან სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას წყალში უნდა ჩავიდეს არანაკლებ ორი მყვინთავი (რეალურ ვითარებაში), ხოლო სწავლების დროს, მათთან ერთად - ინსტრუქტორი. ყოველი ჩაყვინთვისას მათ უნდა ჰქონდეთ კავშირი დამზღვევ მაშველთან ნავზე (კატერზე) ან ნაპირზე" - განმარტავს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი ბაქარ ბაღდავაძე.

"წყალქვეშა საძიებო-სამაშველო სამუშაოებს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოების თანამიმდევრობაზე, ჩაყვინთვის სიღრმეების განსაზღვრაზე და მყვინთავის უსაფრთხოებაზე. მყვინთავმა წყლიდან ამოსვლის შემდეგ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ეს აუცილებელია. მყვინთავმა ჩასვლის წინ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ექიმი განსაზღვრავს, დასაშვებია თუ არა მყვინთავის წყალში ჩასვლა... ამასთან, ის სისტემატურად უნდა ვარჯიშობდეს და ყვინთავდეს. კვირაში უნდა ჰქონდეს არანაკლები 2-3 ჩაყვინთვა, რომელიც ფიქსირდება ხელმძღვანელის მიერ და იწერება მყვინთავის წიგნაკში" - დასძენს პოლიციის კაპიტანი.

აუცილებელი აღჭურვილობა მყვინთავ-მაშველისთვის

სველი, ნახევრად მშრალი და მშრალი ჰიდროკოსტუმები; ტივტივადობის ჟილეტი; რეგულატორი; ლასტი; ნიღაბი (მასკა); კომპიუტერი; კომპასი; დანა; ბალონი;

"თუ მყვინთავი აპირებს დიდ სიღრმეებზე ყვინთვას, უნდა გამოიყენოს ბალონი, რომლის მოცულობა 15-18 ლიტრი იქნება. უფრო ხშირად გამოიყენება 12 ლიტრიანი მოცულობის ბალონები. ერთ ჩაყვინთვაზე მყვინთავი იყენებს ერთ ბალონს. დღის განმავლობაში, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ჩაყვინთვა შეიძლება 3-4-ჯერ განხორციელდეს.

ფაქტორი, რომელსაც დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები სავარაუდო რისკის შემცველად განიხილავენ, ძლიერი შტორმია. 14-15 აგვისტოს აჭარაში, ზღვის სანაპიროზე 4-დან 4,5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდა. ბაქარ ბაღდავაძეს ვკითხეთ, შტორმის დროს ფსკერზე გარდაუვალი ჩასვლისას მოქმედება როგორ უნდა განხორციელდეს:

"ძლიერი შტორმის დროს წყალქვეშა საძიებო სამუშაოები უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ვერ მოხერხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - მყვინთავის წყალში ჩასვლის და ამოსვლის შემთხვევაში (ასევე, ავარიული ამოსვლისას). თუ მხოლოდ საძიებო სამუშაოები არის ჩასატარებელი, არ უნდა დავაყენოთ საფრთხის წინაშე მყვინთავი, რათა თვითონ არ გახდეს მსხვერპლი. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, წყალში ჩასვლა გემიდან უნდა მოხდეს".

გადარჩენის მეთოდები

"არის ილეთები, რომელიც დაშავებულის გადასარჩენად გამოიყენება და ილეთები, რომლის გამოყენება თავად მყვინთავის გადასარჩენად არის საჭირო. დაშავებულის გადასარჩენად საჭიროა მასთან მიცურვის ტექნიკისა და გადარჩენის მეთოდების ცოდნა;

მყვინთავისთვის კი პრობლემა შეიძლება შექმნას ჰაერის გამოლევამ. ასეთ შემთხვევაში, წყლის ზედაპირზე ასვლისთვის საჭიროა ტივტივადობის ჟილეტის ინფლატორის საშუალებით გაბერვა და ზედაპირზე სწრაფად ამოსვლა. მეწყვილე მყვინთავს ანიშნებს, რომ "ჰაერი გამოელია", მეწყვილე ხსნის მას დამხმარე რეგულატორს, "ოქტობუსს" და მისი გამოყენებით ერთად ამოდიან ზედაპირზე (ხელს ჰკიდებენ ერთმანეთს ტივტივადობის ჟილეტზე და ერთი რეგულატორის გამოყენებით ამოდიან ზედაპირზე. სამი ჩასუნთქვის შემდეგ ერთი მეწყვილე მეორეს გადასცემს რეგულატორს, ასევე სამი ჩასუნთქვის შემდეგ - უკან უბრუნებს მეორე პირველს; ამოსვლის შემდეგ იხსნიან ტვირთს, აღჭურვილობას და თავს ზევით სწევენ; პირიდან უშვებენ ჰაერს, ფილტვების გასათავისუფლებლად; ეს არის ე.წ. ავარიული კონტროლირებადი ამოსვლა" - განმარტავს ბაქარ ბაღდავაძე.

You must have Flash Player installed in order to see this player.
Play
პროექტზე მუშაობდნენ
ვიდეო: ნინო ხოზრევანიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ლაშა სამადალაშვილი გოგა ოსეფაშვილი / ტექსტი: ლალი ფაცია, მარიამ მენაბდიშვილი / მთავარი ფოტო: თავდაცვის სამინისტრო / პროექტის მენეჯერები: გიორგი გიორგაშვილი, ეთო ფურცხვანიძე / ტექნიკური ჯგუფი: ნინო ლოლაძე, ლევან ტაბატაძე, თამარ ილარიონოვა, ზურა კიზირია, გიორგი ბაწაშვილი, ბაჩა ბაქრაძე